რესპოდენტის შესახებ
სომხეთი და თურქეთი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ურთიერთობის ნორმალიზების შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები კავკასიის რეგიონში? ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზება ნაკლებადმოსალოდნელია რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორის გამო, თუმცა ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების დათბობას მოახერხებენ, კავკასიაში ძალთა გადანაწილება შესაძლოა სერიოზულად შეიცვალოს. ამ საკითხთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" ექსპერტს მამუკა არეშიძე ესაუბრა.
_ ბ-ნო მამუკა, რამდენად რეალურია თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება?
_ კავკასიის რეგიონში აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ დიდი პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს. თურქეთმა მოგეხსენებათ კავკასიის უსაფრთხოების თაობაზე ახალი ინიციატივა წამოაყენა და ამ პერიოდში დაახლოვდა რუსული და თუქრული პოლიტიკა ერთმანეთთან. ეტყობა რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ინიციატივა იყო თურქეთ-სომხეთის დაახლოება. ამ დაახლოების ჭრილში იყო თურქეთის პრეზიდენტის ჩასვლა ერევანში. დაგეგმილია საპასუხო ვიზიტი სომხეთის პრეზიდენტისა ანკარაში.
გარდა ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ დეკლარირებულ იქნა ის, რომ შემოდგომაზე უნდა გაიხსნას საზღვარი თურქეთსა და სომხეთს შორის. იგრძნობა დაახლოების ტენდენციები ძალიან სერიოზულად. თურქეთის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ სომხეთს ამ ფაქტის დეტალირებისაგან თავი შეეკავებინა, რადგან ამ ფაქტმა აზერბაიჯანის სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია. საქმე იქამდე მივიდა, რომ როდესაც ობამა ჩავიდა სტამბულში, ჰილარი კლინტონმა რამდენიმეჯერ სთხოვა ილჰამ ალიევს, რომ ჩასულიყო ისიც ამ შეხვედრაზე თურქეთში, რაზეც ალიევმა კატეგორიული უარი განაცხდა. მისი წინადადება ასეთი იყო: ვიდრე არ მოგვარდება ყარაბაღის პრობლემა, ან არ დაიწყება სერიოზულად ამ საკითხის განხილვა, ის სტამბულში არ ჩავიდოდა, რადგან ის მიიჩნევდა, რომ თურქეთის პოლიტიკა არის აზერბაიჯანისთვის წამგებიანი. იმდენად მკაცრი აღმოჩნდა ილჰამ ალიევის პოზიცია, რომ თურქეთის პრემიერი იძულებული იყო გამოსულიყო და განეცხადებინა, რომ შემოდგომამდე საზღვარი არ გაიხსნება, ანუ არ გაიხსნება მანამ, ვიდრე ყარაბაღის პრობლემის მოგვარების პროცესი არ დაიწყება.
_ რამდენად აძლევს ხელს თურქეთს სომხეთთან ურთიერთობების აღდგენა, ანუ, რა ინტერესები არსებობს თურქეთის მხრიდან?
_ თურქეთს უნდა, რომ უფრო სერიოზული კავკასიური მოთამაშის სტატუსი შეიძინოს, ვიდრე ჰქონდა აქამდე. მით უმეტეს, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა საკმაოდ მაღალ დონეზეა აწეული. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თურქეთს უარს ეუბნებიან ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აქედან გამომდინარე, თურქეთმა გააქტიურებისათვის სხვა სივრცე შეარჩია.
ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია, ხშირ შემთხვევაში ნატოს ოფიციალური პოლიტიკისათვის არაპოპულარულ ნაბიჯებს დგამს, იგივე რუსეთთან დაახლოების ჭრილში. რუსეთთან თურქეთის დაახლოება ვერ გამოვა, თუ მის სტრატეგიულ მოკავშირესთან კავკასიაში სომხეთთან არ ექნა ნორმალური ურთიერთობა. ზუსტად ამის გამო ხდება თურქეთისა და სომხეთის დაახლოება. ერთი მხრივ, მოთამაშის სტატუსის გაზრდისთვის კავკასიის რეგიონში, მეორე მხრივ, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებისთვის.
გარდა ამისა, ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რო თურქეთი მომგებიანად ვაჭრობს. ძალიან მარტივად რომ ვთვათ: თუ ევროკავშირში არ მოხდება ჩემი გაწევრიანება, მე მექნება სხვა პოლიტიკური ორიენტირები და ამას უნდა შეეგუოთ.
_ იმ შემთხვევაში, თუ ამ ორ ქვეყანას შორის აღდგება სტაბილური ურთიერთობა, რა შეიცვლება რეგიონში?
_ სომხეთ-თურქეთს შორის სტაბილური ურთიერთობის აღდგენას მე ჯერ ერ ვვარაუდობ, იმიტომ, რომ მოქმედებს აზერბაიჯანის ფაქტორი, რომელიც ენერგომატარებლების თვალსაზრისით არის პოლიტიკის შემქმნელი ამ რეგიონში. აზერბაიჯანის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე თურქეთს არაფერი გამოუვა. თურქეთის ხელისუფლება იძულებულია ანგარიში გაუწიოს ასევე თავის ამომრჩეველსაც, რომელიც პროაზერბაიჯანულად არის განწყობილი. ასე, რომ მე არ ვვარაუდობ იმას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას რაიმე დინამიური განვითარება ექნება.
_ რაც შეეხება საქართველოს, როგორ ფიქრობთ, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზება ხომ არ შეასუსტებს საქართველოს როლს რეგიონში?
_ 5-6 წლის წინ ანკარაში სომეხი და თურქი ბიზნესმენების ფორუმი გაიმართა, მაგრამ და ამანაც არ ჰპოვა განვითარება და იგივე სიტუაციაა დაახლოებით დღესაც. ვთქვათ, წარმოვიდგინოთ ვირტუალური სურათი, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმდენად დათბა, რომ საზღვრები გაიხსნა, აღდგა სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობა, ამ შემთხვევაში მაშინ რასაკვირველია ძალთა გადანაწილება კავკასიაში შეიცვლება და საქართველო და აზერბაიჯანი იძულებულნი იქნებიან, ამ ტიპის ალიანსს ყური დაუგდონ და ანგარიში გაუწიონ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა რიტა ყაველაშვილი