მედიის ცნობით, გერმანიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ზოლინგენში, მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გამოსცა.
კარლსრუეს ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, 26 წლის სირიელი წინასწარი გამოძიების ციხეში იმყოფება.
პროკურატურის ინფორმაციით, ისა ჰ. ეჭვმიტანილია სამი ადამიანის მკვლელობაში, ასევე ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიელი იზიარებდა „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას თავისი რადიკალური შეხედულებების ფონზე და გადაწყვიტა ფესტივალზე მოეკლა რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ვისაც ის „ურჯულოდ“ მიიჩნევდა.
თუმცა, ისა ჰ.-მ პოლიციას ჩაბარდა და აიღო პასუხისმგებლობა ზოლინგენის ხოცვა-ჟლეტაზე. მან განაცხადა, რომ იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი. ის კარლსრუეში ვერტმფრენით, შეიარაღებული პოლიციის თანხლებით გადაიყვანეს.
23 აგვისტოს ზოლინგენში თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 8 ადამიანი.
დანაშაულზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმა მისმა „ჯარისკაცმა“ განახორციელა.
თავდასხმის შემდეგ გერმანიის პოლიციამ 24 აგვისტოს საღამოს ზოლინგენში ლტოლვილთა ერთ-ერთი თავშესაფარი გაჩხრიკა.
შედეგად, დევნილთა ცენტრში მცხოვრები მოზარდი დააკავეს, რომელიც ყირგიზეთის მოქალაქეა.
მედიის ცნობით, ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, ჟურნალისტების თქმით, მოზარდს, შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა თავდასხმის უშუალო დამნაშავესთან და მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ არაფერი თქვა.