თალიბანის რეჟიმმა ავღანეთში შემოიღო ახალი ამკრძალავი წესები, რომლითაც კიდევ უფრო უარესდება ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, რაც ისედაც უკიდურესად იყო შელახული, განსაკუთრებით ისლამისტური მმართველობის აღდგენის შემდეგ.
ახალი კანონები გამოიცა ოთხშაბათს მას შემდეგ, რაც ისინი დაამტკიცა უზენაესმა ლიდერმა ჰიბატულა ახუნზადამ და იგი მოიცავს ყოველდღიური ცხოვრების ისეთ ასპექტებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუსიკა, თავის მოვლა და დღესასწაულები.
ახალ წესებს შორის ერთ-ერთი მუხლი ეხება ქალებს, რომელიც ამბობს, რომ ქალისთვის სავალდებულოა, საჯარო სივრცეში ყოფნის დროს, დაფარული ჰქონდეს სხეული და სახე, "სხვათა ცდუნების თავიდან ასარიდებლად". ამასთან, ქალის შესამოსელი არ უნდა იყოს თხელი, მჭიდროდ მომდგარი სხეულზე ან მოკლე.
ქალები ასევე ვალდებულნი არიან სრულად ჰქონდეთ დაფარული სხეული და სახე, როდესაც იმყოფებიან არამუსლიმი კაცებისა და ქალების წინაშე, "რათა თავიდან იქნეს არიდებული გახრწნილება".
ახალი წესების თანახმად, ქალის ხმა ინტიმურად ითვლება, ამიტომაც ის არ უნდა იყოს მოსმენილი საჯაროდ, აკრძალულია ხმამაღლა კითხვა და სიმღერა საჯარო სივრცეში. ქალებს ასევე ეკრძალებათ, შეხედონ მამაკაცებს, რომელთანაც სისხლით ან ქორწინებით არ არიან დაკავშირებულნი.
"ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ისლამური კანონები დიდ დახმარებას გაუწევს სათნოების გავრცელებასა და მანკიერების ამოძირკვას", - განაცხადა სათნოების გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს წარმომადგენელმა.
114-გვერდიანი დოკუმენტი, 35 მუხლით, წარმოადგენს მანკიერებისა და სათნოების "სფეროში" კანონების პირველ ოფიციალურ დეკლარაციას მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო თალიბანმა 2021 წელს.