რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის თანახამდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობისა და ნდობის რეიტინგში რეკორდული ვარდნა დაფიქსირდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა "მედუზა"„აგენტსტვოზე“ დაყრდნობით იუწყება
სახელმწიფოს კუთვნილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის რეიტინგი 12-დან 18 აგვისტომდე კვირაში 3,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 73,6%-ს მიაღწია. ერთი კვირით ადრე, 5 აგვისტოდან 11 აგვისტომდე, ეს მაჩვენებელი 77,1% იყო. რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა: „საერთო ჯამში, მოგწონთ თუ არ მოგწონთ პრეზიდენტის საქმიანობა?“
კვლევის თანახმად, ამავდროულად პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი 2,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 78,2% შეადგინა (ერთი კვირით ადრე - 80,8% იყო). ამ შემთხვევაში, გამოკითხვის მონაწილეებს ჰკითხეს: „ ენდობით თუ არა ვლადიმირ პუტინს?“.
როგორც "აგენტსტვო“ აღნიშნავს, ცენტრის მონაცემების გათვალისწინებით, ეს ორივე მაჩვენებლის რეკორდული ვარდნაა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების რეიტინგი ომის დროს 73,6%-ზე დაბლა დაეცა 2023 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე, „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ. 2023 წლის 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე ეიტინგმა მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს (72.6%-ს)
პუტინის ნდობის რეიტინგი ომის დროს ორჯერ დაეცა 78%-ზე ქვემოთ - 2022-2023 წლების შემოდგომა-ზამთარში, მობილიზაციის ფონზე და 2023 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე, პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ.
"აგენტსტვო“ აღნიშნავს, რომ პუტინის რეიტინგის კლება საზოგადოებრივი აზრის ფონდმაც დააფიქსირა. „ლევადა ცენტრი“ თავისი მონაცემების გამოქვეყნებას აგვისტოს ბოლოს გეგმავს.