გერმანიის ქალაქ ზოლინგენში დანით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.
თავდასხმა ქალაქის დაარსებიდან 650 წლისთავის აღნიშვნის დროს მოხდა. ზოლინგენი მდებარეობს დასავლეთ გერმანიაში, დიუსელდორფიდან 25 კმ-ში, ქალაქის მოსახლეობა 160 ათასს შეადგენს.
გამოცემა Bild-ის ცნობით, კაცი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს თავს დაესხა.
თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა და პოლიციამ მისი ძებნა დაიწყო.
სამართადამცველებმა ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენა სთხოვეს და მიმდებარე გზები გადაკეტეს.
ზეიმი, რომელიც 25 აგვისტომდე უნდა გაგრძელებულიყო, ახლა გაუქმებულია.
ზოლინგენის მერმა ტიმ კურცბახმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ყველა მოქალაქე იმ ღამეს "შოკში, საშინელებასა და ღრმა მწუხარებაში იყო".
„ზოლინგენში ყველანი შოკში ვართ, საშინელებაში და ღრმა მწუხარებაში. გვინდოდა ერთად აღგვენიშნა ჩვენი ქალაქის იუბილე, მაგრამ ახლა ვგლოვობთ დაღუპულებსა და დაჭრილებს. გული სევდით მაქვს სავსე იმის გამო, რომ ჩვენს ქალაქს თავს დაესხნენ. თვალზე ცრემლი მადგება, როცა ვფიქრობ მათზე, ვინც დავკარგეთ. ვლოცულობ ყველასთვის, ვინც ჯერ კიდევ იბრძვის სიცოცხლისთვის“, - დაწერა ტიმ კურცბახმა ფეისბუქის გვერდზე.