მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი აღმოაჩინეს ბოტსვანაში არსებულ მაღაროში, რომელიც ეკუთვნის კანადურ კომპანია Lucara Diamond-ს.
გავრცელებული ცნობით, ალმასი 2492-კარატიანია.
Lucara Diamond-ის განცხადებით, "ძვირფასი ქვა არის ერთ-ერთი უდიდეს დაუმუშავებელი ბრილიანტი, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა“.
ეს არის ყველაზე დიდი ალმასი, კულინანის ალმასის შემდეგ, რომელიც აღმოაჩინეს 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში. კულინანის ალმასი იმ დროისთვის 3106 კარატიანი იყო. მოგვიანებით იგი დაჰყვეს 9 ცალკეულ ბრილიანტად, რომელთაგან რამდენიმე დიდი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინსა და სკიპტრას ამშვენებს.
ბოტსვანის ალმასი აღმოაჩინეს კაროუს მაღაროში, დედაქალაქ გაბორონედან ჩრდილოეთით, დაახლოებით 500 კილომეტრში.
2019 წელს ბოტსვანაში იმავე მაღაროში აღმოაჩინეს 1758-კარატიანი ალმასი.
როგორც იტყობინებიან ალმასი აღმოაჩინეს რენტგენის ტექნოლოგიის გამოყენებით. ამ სპეციალურ საშუალებას 2017 წლიდან იყენებენ მაღაროში ბრილიანტის იდენტიფიცირებისა და მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად, რათა მოპოვებითი სამუშაოების დროს თავიდან აირიდონ მისი დამტვრევა.
მაღაროს მფლობელ კომპანიას არ დაუსახელებია ალმასის ღირებულება, თუმცა გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ძვირფასი ქვის ღირებულება სავარაუდოდ 40 მილიონ დოლარს აღემატება.
ბოტსვანა არის ბრილიანტის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში, რომელიც გლობალური წარმოების დაახლოებით 20%-ს შეადგენს.