რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ესეს-ის ვეტერან 99 წლის იაროსლავ ჰუნკაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ესეს-ის ვეტერანს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი სულ მცირე 500 საბჭოთა მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში, რის შემდეგაც მოითხოვა მისი ექსტრადიცია კანადიდან, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს. თუმცა კანადის ხელისუფლებამ უარი თქვა ჰუნკას ექსტრადიციაზე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ეჭვობს, რომ ჰუნკა მონაწილეობდა 1944 წლის თებერვალში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე, სოფელ გუტა პენიაცსკაიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში.
ჰუნკა ცნობილი გახდა 2023 წლის სექტემბერში, როდესაც ის კანადის პარლამენტში მყოფ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის წარუდგინეს. კანადის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ კანადელს უწოდა მეორე მსოფლიო ომის უკრაინელი გმირი, "რომელიც მაშინ იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის რუსი აგრესორებისგან და ახლაც აგრძელებს სამხედროების მხარდაჭერას."
ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, კანადის თემთა პალატის სპიკერი ენტონი როტა თანამდებობიდან გადადგა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ კი პარლამენტში ჰუნკას მიწვევას უკიდურესად უხერხული ფაქტი უწოდა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. ეს არის ის, რაც უკიდურესად უხერხულია კანადის პარლამენტისთვის და, საერთოდ, ყველა კანადელისთვის“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.
ჰუნკა ესეს-ის გრენადიერთა დივიზიაში მსახურობდა, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც გალიციის დივიზია. დივიზია შედგებოდა ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან, რომლებსაც ნაცისტები მეთაურობდნენ. დასავლური მედია წერს, რომ დივიზიის წევრებს ბრალად ედებოდათ პოლონელი და ებრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, თუმცა დანაყოფი ტრიბუნალს არცერთ სამხედრო დანაშაულში არ უცნია დამნაშავედ. დანაყოფს ეწოდა პირველი უკრაინული დივიზია, ვიდრე 1945 წელს მოკავშირეებს ჩაბარდებოდა.