საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ალექსანდრე ონიანს სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის ორდენი 2021 წლის 11 აგვისტოს მიენიჭა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელს ეწვია, მისი საფლავი გვირგვინით შეამკო და წმინდა გიორგის ეკლესიაში ალექსანდრე ონიანის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. ჯილდოს გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ალექსანდრე ონიანის მსგავსი პიროვნებების ყოლა.
„მამაომ ძალიან სწორად დაახასიათა, რას ნიშნავს, დღევანდელ დღეს ოჯახს, და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული გმირი. ეს არის ბედისწერა, მაგრამ, ასევე, ეს არის არჩევანი. ეროვნული გმირი ვერ გახდები, თუ შენი არჩევანი არ არის, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ყველას არ შეუძლია, ეს რომ ქვეყანაში ყველას შეეძლოს, ალბათ სამოთხეში ვიქნებოდით – ჩვეულებრივ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ. ეს რჩეულთა ბედია. თქვენი შვილი რჩეული იყო.
ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ასეთი პიროვნებები. სულ სვამდნენ კითხვას, ამ იმპერიების ხელში როგორ მოვიდა ეს პატარა ქვეყანა დღემდე. აქამდე მოვიდა სწორედ იმიტომ, რომ იყვნენ ეს გმირები, ეს პიროვნებები, რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ, რომლებმაც არ იცოდნენ დანებება, რომლებისთვის თითოეული ადამიანისათვის ღირდა სიცოცხლის დადება და ასეც მოხდა. ასეთი ადამიანები ქმნიან ნამდვილ, საბოლოო გამარჯვებას.
ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ პატარებიც არიან, რადგან პატარებისთვის გვჭირდება ასეთი მაგალითები. გაიზრდებით და ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ – თქვენ გეცოდინებათ, რომ ცხოვრებაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი, ვიდრე შენი ქვეყნის დაფასება, ესაა ძვირფასი და არა ფული, წარმატება და ძალაუფლება. ეს ჯილდო არა ჩემი პირადი, არამედ მთელი ქვეყნის დაფასებაა თქვენი შვილისთვის, საქართველოს შვილისთვის. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.