პორტუგალიამ სთხოვა ევროკავშირის პარტნიორებს, დაეხმარონ კუნძულ მადეირაზე გაჩენილი ტყის ხანძრის ჩაქრობაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ დაფნის ტყეს განადგურებით ემუქრება.
"უახლოეს საათებში ჩვენ გავააქტიურებთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს", - ციტირებს პორტუგალიური საინფორმაციო სააგენტო Lusa თავის სამთავრობო წყაროს.
ხანძარი კუნძულ მადეირაზე 14 აგვისტოს გაჩნდა და მას შემდეგ მძვინვარებს. ხანძარი რიბეირა ბრავას მუნიციპალიტეტში დაიწყო და ძლიერი ქარის გამო გავრცელდა მეზობელ მუნიციპალიტეტებში - კამარა დე ლობოსსა და პონტა დო სოლში, კუნძულის დედაქალაქისა და ფუნჩალის საზღვაო პორტის დასავლეთით.
20 აგვისტოს მდგომარეობით, ხანძრის შედეგად კუნძულის 4392 ჰექტარი დაიწვა.
კვამლის ინტოქსიკაციის საფრთხის გამო, 200-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამოქალაქო დაცვის რეგიონული სამსახურის პრეზიდენტმა, ანტონიო ნუნეზმა განაცხადა, რომ ხანძრისგან მიყენებული ზარალი ჯერ არ არის დიდი, მაგრამ იგი სწრაფად უახლოვდება დაცულ ტყის ტერიტორიას.
კუნძულ მადეირას პორტუგალიის ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს.