შეერთებულ შტატებში, ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა გაიხსნა.
სწორედ ამ ყრილობაზე მოხდება კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელება.
ყრილობის პირველ დღეს პარტიის დელეგატებსა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა, მათმა ქალიშვილმა ეშლი ბაიდენმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და სხვა დემოკრატმა ლიდერებმა.
ყრილობის გახსნის პირველივე დღეს, სცენიდან დაუგეგმავი მიმართვა გააკეთა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს, რომელმაც მის სასარგებლოდ უარი თვა საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე.
"ჯო, დიდი მადლობა ისტორიული ლიდერობისთვის, ჩვენი ერისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და ყველაფრისთვის, რის კეთებასაც გააგრძელებ. ჩვენ სამუდამოდ მადლიერი ვართ", - თქვა კამალა ჰარისმა.
"მოდით, ვიბრძოლოთ იმ იდეებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ როდესაც ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ", - დასძინა მან.
კამალა ჰარისის ძირითადი სიტყვით გამოსვლა ყრილობაზე 22 აგვისტოსაა დაგეგმილი.
ყრილობის პირველივე დღეს სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
2016 წელს ჰილარი კლინტონი გახდა პირველი ქალი ამერიკის ისტორიაში, რომელმაც მთავარი პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვა. კლინტონმა თავის რესპუბლიკელ მეტოქეს დონალდ ტრამპს არჩევნებში 1 მლიონი ხმით გაუსწრო, თუმცა საარჩევნო სისტემის გამო, პრეზიდენტი ვერ გახდა.
სიტყვით გამოსვლისას, ჰილარი კლინტონმა ისაუბრა კამალა ჰარისის მიღწევებზე და თავის და ჰარისის კარიერას შორის პარალელები გაავლო.
"ჩემი ცხოვრებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორია ცხადჰყოფს იმას, რომ პროგრესი შესაძლებელია, მაგრამ გარანტირებული არ არის“, - უთხრა მან აუდიტორიას. „ახლა ჩვენ ვწერთ ახალ თავს ამერიკის ისტორიაში", - დასძინა კლინტონმა.
ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც აუდოტიროა ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციებით შეეგება. მონაწილეები რამდენიმე წუთის განმავლობაში სკანდირებდნენ "ჩვენ გვიყვარს ჯო", "მადლობა ჯო".
ბაიდენმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კამალა ჰარისს და განაცხადა, რომ მისი ვიცე-პრეზიდენტად შერჩევა იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მთელი კარიერის განმავლობაში.
ყრილობის დაწყების ადგილას, ჩიკაგოს არენასთან გაიმართა საპროტესტო აქცია ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეწყვეტი მოთხოვნით. მედიის ცნობით, აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.
მომდევნო დღეებში ყრილობაზე სიტყვით გამოვლენ ბარაკ და მიშელ ობამები, ნენსი პელოსი, ბილ კლინტონი, ადამ კინზინგერი და სხვები.
საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებსი 5 ნოემბერს გაიმართება.