აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადანაშაულეს ირანი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების დონალდ ტრამპის, კამალა ჰარისისა და ყოფილი კანდიდატის ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო შტაბების გატეხვაში. მათი განცხადებით აღნიშნული კიბერთავდასხმა თეირანის ფართო ძალისხმევის ნაწილია, რათა გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
Associated Press-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ადრე ამბობდნენ, რომ თავდასხმების უკან ირანი დგას, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად დააკისრა ირანს პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.
დაზვერვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ირანი ცდილობდა მიეღო წვდომა იმ პირებთან, რომლებსაც პირდაპირი წვდომა ჰქონდათ ორივე პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაზე.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჰაკერული შეტევები და მსგავსი ქმედებები მიზნად ისახავს უთანხმოების დათესვას, განხეთქილების ამერიკულ საზოგადოებაში და შესაძლო გავლენის მოხდენას არჩევნების შედეგზე, რომელსაც ირანი მიიჩნევს განსაკუთრებით მნიშვნელოვანად მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე ზემოქმედების თვალსაზრისით.
ამავდროულად, ირანის მისიამ გაერო-ში უარყო ბრალდებები, როგორც "უსაფუძვლო" და განაცხადა, რომ ირანს არ აქვს არც მოტივი და არც განზრახვა ჩაერიოს არჩევნებში და მოითხოვა აშშ-სგან მტკიცებულებების წარდგენა.