უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის დიდი ნაწილის იზოლირებას ცდილობენ. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე ცდილობს კურსკის ოლქის ნაწილის იზოლირებას, უკრაინის საზღვარსა და მდინარე სეიმს შორის, ეს არის ტერიტორიის თითქმის 300 კვადრატული მილი (1 მილი - 1,6 კილომეტრზე მეტი).
"გაურკვეველია, კიდევ რამდენი ხიდის - მუდმივის თუ დროებითის განადგურება მოუწევს უკრაინულ ჯარს, რათა ეფექტურად მოახდინოს კურსკის ოლქის დიდი ნაწილის მიმდებარე შეტევითი ზონის იზოლირება. მაგრამ მათ, სავარაუდოდ, დიდი პროგრესი აქვთ", - ნათქვამია გამოცემის მასალებში.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სატელიტური ფოტოების მიხედვით, სამი მუდმივი ხიდი, რომლებსაც უკრაინელები თავს დაესხნენ, ერთადერთი მთავარი მუდმივი ხიდები იყო ამ მხარეში. სავარაუდოდ, რუსები ახლა მთლიანად ეყრდნობიან პონტონურ ხიდებს სეიმზე გადასასვლელად.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული ძალები აქტიურად აშენებენ დროებით პონტონურ ხიდებს, მაგრამ ეს ხიდები სუსტია და მათი განადგურება უფრო ადვილია, ვიდრე ბეტონის ხიდების.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ უკრაინელები, მას შემდეგ რაც სამი მუდმივი ხიდის განადგურება ოთხ დღეში შეძლეს, პონტონური ხიდების განადგურებასაც არ დააყოვნებენ.