ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს,რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არ უნდა იყოს უკრაინის მიერ სრულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაზე დამოკიდებული.
პაველს მიაჩნია, რომ უკრაინის ტერიტორიებზე სრული კონტროლის აღდგენა არ არის სავალდებულო პირობა ნატო-ს წევრობისთვის.
„თუ იქნება დემარკაცია, თუნდაც რაიმე სახის ადმინისტრაციული საზღვრის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს ადმინისტრაციული საზღვარი, როგორც დროებითი და მივიღოთ უკრაინა ნატო-ში იმ ტერიტორიით, რომელზეც მას იმ დროისთვის აკონტროლი ექნება“, - განმარტა მან.
ჩეხეთის პრეზიდენტმა გაიხსენა გერმანიის მაგალითი, რომელიც ალიანსში 1955 წელს მიიღეს, თუმცა მისი ტერიტორიის ნაწილი 1990 წლამდე საბჭოთა კავშირის ოკუპაციის ქვეშ იყო.
„ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არსებობს გამოსავალი, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი, რათა უკრაინას მიეცეს ნატო-ში გაწევრიანებოს უფლება, ნატო-ს რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტში ჩათრევის გარეშე“, - აღნიშნა პაველმა და დასძინა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ.
მან ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები უნდა განიხილონ, მხოლოდ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად.