უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე ბოლო მესამე ხიდი გაანადგურეს. იტყობინება გამოცემა The Moscow Times-ი რუს სამხედრო ბლოგერ ვლადიმირ რომანოვზე დაყრდნობით.
"კარიჟი, გლუშკოვსკის რაიონი, კურსკის ოლქი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე სეიმზე მესამე ხიდიც გაანადგურეს", - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.
რომანოვის ინფორმაციას კიდევ ერთი რუსი ბლოგერი, იური პოდოლიაკი ადასტურებს.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ყველა ხიდი სეიმზე, ხოლო რუსეთის არმია მდინარის გადასაკვეთად პონტონებს იყენებს.
მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე სეიმზე ორი ხიდი გაანადგურეს.
18 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ხიდი სოფელ ზვანნოეში, რომელიც რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო
ორი დღით ადრე, 16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა იგივე მდინარე სეიმზე ააფეთქეს ხიდი გლუშკოვოს რაიონში.
საერთო ჯამში, მდინარე სეიმზე სამი ხიდი იყო აგებული - გლუშკოვოში, ზვანნოეში და კარიჟში. ამრიგად, ახლა ამ მხარეში არცერთი ხიდია, რომლითაც რუსული არმიისთვის იარაღისა და საკვების მიწოდება არის შესაძლებელი.
6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.
9 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ შემოიღო "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში. 12 აგვისტოს კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ საბრძოლო ზონიდან 120 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა და აღიარა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლი ოლქის 28 დასახლებაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში კონტროლი აიღეს 82 დასახლებაზე 1150 კვადრატულ მეტრ ფართობზე.