რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციის დროს უკრაინელი სამხედროები დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ, წერს The Sunday Times.
გამოცემის ცნობით, ამ დრონებმა, რომელთა ტიპსა და ტექნიკურ მახასიათებლებს არ აკონკრეტებს, შეტევაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციის დროს ბრიტანული Challenger 2-ის ტანკები გამოიყენეს.
მაშინ აღინიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინისთვის გადაცემული ბრიტანული ტანკები რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლებში გამოიყენეს.
როგორც The Sunday Times აღნიშნავს, ბრიტანეთის ახალმა მთავრობამ კირ სტარმერის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა უფრო ღიად აღიაროს დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემული იარაღის გამოყენება, მათ შორის რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ბრიტანეთი არ მოერიდება იმის თქმას, რომ ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ფარგლებში გამოიყენება.
„ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ მივაწოდეთ ის, რაც უკრაინას თავდაცვაში ეხმარება “, - თქვა მან.
ერთადერთი ბრიტანული იარაღი, რომლის გამოყენება ჯერ კიდევ დაშვებული არ არის რუსეთის ტერიტორიაზე, Storm Shadow-ის რაკეტებია.
ბრიტანეთის მთავრობა ამ აკრძალვის მოხსნის მომხრეა, მაგრამ, The Sunday Times-ის ცნობით, მოკავშირეების პოზიციის გამო ამას ჯერ ვერ ახერხებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრიტანელი ოფიციალური პირები და ექსპერტები ამბობენ, რომ მათი მოკავშირეები ძალიან შეშფოთებული არიან იმით, რომ ამ რაკეტების გამოყენებას რუსეთის მხრიდან ესკალაციის პროვოცირება მოყვება. თუმცა მიაჩნიათ, რომ შიშები უსაფუძვლოა.
როგორც ერთ-ერთმა წყარომ The Sunday Times-ს განუცხადა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ ომის დაწყების შემდეგ რაიმე ნაბიჯი გადადგა თავისი ბირთვული არსენალის გამოსაყენებლად.