მიმდინარე კვირის შუა რიცხვებისთვის რუსეთმა კურსკის ოლქში უკრაინის ფრონტიდან 5 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა.
ამის შესახებ Wall Street Journal (WSJ) იუწყება.
გამოცემის ცნობით, დონეცკის ოლქიდან მხოლოდ ერთი ბრიგადა გადაიყვანეს, სადაც რუსეთის ფედერაციის მთავარი შეტევითი ძალებია თავმოყრილი, სხვა ბრიგადები ფრონტის ნაკლებად მნიშვნელოვანი მონაკვეთებიდან.
ამასთან, გამოცემის თანამოსაუბრემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსკოვს, შესაძლოა, 20 ათასზე მეტი კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქიდან განდევნისთვის.
თავის მხრივ, დასავლეთის შეფასებით, უკრაინამ შეტევის მხარდასაჭერად 6 ათასამდე ჯარისკაცი გაგზავნა კურსკში და კიდევ 4 ათასამდე სუმის ოლქში შეტევის დასახმარებლად.
როგორც WSJ-ის წყარომ განმარტა, იმისათვის, რომ ფრონტის ხაზი არ შესუსტდეს, ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყვანილია რეზერვიდან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ მთავარი მექანიზებული მოერიშე ძალების შესვლამდე, რათა ხელი შეეშალათ რუსული ტექნიკისთვის და არ დაეშვათ რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პოზიციების აღმოჩენა ან კომუნიკაციების ჩაჭრა.
WSJ-ის თანახმად, ამ უჩვეულო განლაგებამ შექმნა "დამცავი ბუშტი", შეტევაზე გადასული უკრაინის მოიერიშე ძალების გარშემო.
შეტევას ხელმძღვანელობდნენ უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქვედანაყოფები - მე-80 და 82-ე საჰაერო მოერიშე ბრიგადები, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ ამერიკული Stryker-ის საბრძოლო ჯავშანმანქანებითა და გერმანული Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანებით.
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ერთ-ერთი ოპერატორის თქმით, რუსული ჯავშანტექნიკა მცირე რაოდენობით იყო, რადგან ისინი ჩრდილოეთით იყო გადასროლილი, ამიტომ უკრაინის მოიერიშე ძალებმა შეძლეს სწრაფად წინსვლა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.