კურსკის ოლქში შეტევის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ხიდი [მდინარე სეიმაზე] სოფელ ზვანნოეში, რომელიც რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო. ამის შესახებ შაბათს, 18 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა.
"კურსკის მიმართულება. მინუს კიდევ ერთი ხიდი! საჰაერო ძალების ავიაცია აგრძელებს მტრის ლოჯისტიკური შესაძლებლობების განადგურებას ზუსტი საჰაერო დარტყმებით, რაც აისახება საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე", - წერს იგი სოციალურ ქსელში და თავდასხმის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.
ორი დღით ადრე, 16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა იგივე მდინარე სეიმზე ააფეთქეს ხიდი გლუშკოვოს რაიონში.
საერთო ჯამში, მდინარე სეიმზე სამი ხიდი იყო აგებული - გლუშკოვოში, ზვანნოეში და კარიჟში. ამრიგად, ახლა ამ მხარეში მხოლოდ ერთი ხიდია სეიმაზე, რომლითაც რუსული არმიისთვის იარაღისა და საკვების მიწოდება ჯერ კიდევ არის შესაძლებელი.
6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.
9 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ შემოიღო "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში. 12 აგვისტოს კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ საბრძოლო ზონიდან 120 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა და აღიარა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლი ოლქის 28 დასახლებაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში კონტროლი აიღეს 82 დასახლებაზე 1150 კვადრატულ მეტრ ფართობზე