ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მორიგ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.
დედაქალაქ კარაკასში გამართულ აქციას ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადოც ესწრებოდა, რომელიც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში დაპატიმრების შიშით იმალებოდა.
მარია კორინა მაჩადო შეკრებილებს დაჰპირდა, რომ „ბოლომდე“ იბრძოლებს ნიკოლას მადუროს ახალი საპრეზიდენტო ვადის წინააღმდეგ და თქვა, რომ ხალხი „ქუჩებს არ დატოვებს“. ასევე მაჩადომ ვენესუელის უშიშროების ძალებს ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.
ვენესუელაში საპრეზიდნეტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართა. ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ მადურომ, რომელიც მანამდე ქვეყანას ორი საპრეზიდენტო ვადით მართავდა, ამომრჩეველთა 51,2 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
არჩევნების შემდეგ გონსალესის მხარდამჭერები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების და შეიარაღებული პრო-სამთავრობო ჯგუფების მიერ მათი დარბევა.
ოპოზიციის მტკიცებით, ხმების სამართლიანი დათვლით გონსალესს არჩევნები დაახლოებით 67 პროცენტით უნდა მოეგო. ამ მტკიცების მხარდასაჭერად, მადუროს ოპონენტებმა გამოაქვეყნეს ვენესუელაში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების 80 პროცენტზე მეტი. წინასაარჩევნო გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ მადუროს დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა.
ამასთან, 16 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვენესუელაში მხარს დაუჭერს ხელახალი არჩევნების ჩატარებას.
3 აგვისტოს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს 2000 ადამიანი დააკავეს, დაღუპულია 20-მდე ადამიანი.