ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება, მისი ტერიტორიის სიახლოვეს დრონით დარტყმის შემდეგ, გაუარესდა.
ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა. მისი განცხადება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ საფრთხეების ესკალაციას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოებისთვის. მე ვარ უკიდურესად შეშფოთებული და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება...“ - განაცხადა გროსიმ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის მიერ მოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება დნიპროს ელექტროგადამცემი ხაზიდან დაახლოებით 100 მეტრში აფეთქდა.
რომელი მხრიდან იყო ჭურვი გაშვებული, უცნობია.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, არ დაზიანებულა ატომური ელექტროსადგურის აღჭურვილობა, მაგრამ დაზიანდა გზა ელექტროსადგურის ორ მთავარ შესასვლელს შორის.
უკრაინულ და რუსულ მხარეებს გროსის ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.