თურქეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა. მედიის ცნობით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინციდენტი პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ჯან ატალაის საკითხის განხილვას მოჰყვა.
თურქეთის მუშათა პარტიის დეპუტატმა აჰმედ სიკამ ჯან ატალაისთვის მანდატის ჩამორთმევის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მმართველი პარტიის წევრებს იოტისოდენა სირცხვილი და ღირსება არ გააჩნიათ.
ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის თავმჯდომარე აბდულა გიულერი და გამოსვლისას წინა მომხსენებელს პირის დახურვისკენ მოუწოდა.
საპასუხოდ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის წარმომადგენელს უცენზურო სიტყვებით მიმართა.
შემდეგ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დეპუტატმა ალფაი ოზალანმა აჰმედ სიკას დაარტყა, რასაც მასობრივი ჩხუბი მოჰყვა, რომელშიც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ჩხუბი 20 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. დაშავდა ორი დეპუტატი.
ატალაიმ, რომელიც ასევე ადვოკატი და უფლებადამცველია, გასული წლის მაისში, ციხიდან ჩატარებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ, ჰათაის სამხრეთ რეგიონში არჩევნები მოიგო. ჯან ატალაი 2013 წელს გეზის პარკის საპროტესტო აქციების ორგანიზებით მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს და 2022 წელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.