Meta ახალ ანგარიშში წერს, რომ კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაიშალა 76 ფეისბუქანგარიში, 30 ფეისბუქგვერდი და 11 ინსტაგრამანგარიში. მათივე განცხადებით, ეს ქსელი რუსული წარმოშობისაა და მისი სამიზნე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია.
Meta-ს ცნობით, საქართველოში ეს გვერდები და ანგარიშები ბოლო პერიოდში რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციების საწინააღმდეგო პოსტებს ავრცელებდნენ. მიზანმიმართული კამპანიის ფარგლებში, ისინი დემონსტრანტებს აკრიტიკებდნენ, ხოლო მმართველ "ქართული ოცნების" პარტიას უჭერდნენ მხარს.
ამას გარდა, აზერბაიჯანში ეს ქსელი ადგილობრივ მოვლენებს ეხმაურებოდა და დასავლეთს აკრიტიკებდა, ხოლო სომხეთში იგივე ანგარიშები პოლიტიკასთან დაკავშირებით ავრცელებდნენ პოსტებს, რომელიც პრორუსულ კომენტარებს შეიცავდა.
ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი იყენებდა Youtube-ს, Telegram-სა და TikTok გვერდებსაც, რეკლამაში კი ჯამში 77 ათასი დოლარი დაიხარჯა.
Meta-ს ცნობითვე, ქსელის აღმოჩენაში მათ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED დაეხმარა.