Sky News თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბრიტანული ტანკები Challenger 2-ი რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევისას გამოიყენეს.
თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელი სამხედროები ბრიტანულ ტანკებს რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლებში იყენებენ.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ოპერატიულ დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. კომენტარი არ გაუკეთებიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსაც.
დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, მთავრობის პოლიტიკის შესაბამისად.
ტელეარხის წყაროს თქმით, ეს ეხება Challenger 2-ის ტიპის ტანკებს და მიუთითებს, რომ ისინი გამოიყენეს უკრაინის ოპერაციის დროს, რომელიც კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო.
დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ და როდის განათავსეს უკრაინელმა ჯარებმა Challenger 2-ის ტიპის ტანკები რუსეთის კურსკის რეგიონში, უცნობია და არც ტანკების რაოდენობაა ცნობილი, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე იყოს განლაგებული.