ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.
შეგახსენებთ, 14 აგვისტოს ბრძანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მამუკა ჯანგულაშვილი ექსპერტიზის ბიუროს უფროსის პოსტზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე იგი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.