აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან. საუბრის ერთ-ერთი თემა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება იყო. ამის შესახებ ოსტინი X-ში წერს.
თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ უმეროვთან საუბრისას განიხილეს უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტული დახმარება და უკრაინის მიმდინარე სამხედრო ოპერაციები.
„აშშ რჩება ერთგული, დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში“, - წერს ოსტინი.
პენტაგონის ცნობით, ოსტინმა და უმეროვმა ასევე განიხილეს ალიანსის წევრებისა და პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინის სასწრაფო სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიაწოდა განახლებული ინფორმაცია ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების დინამიკის, ასევე უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ზემოქმედების შესახებ.
როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის ოპერაციას კურსკის ოლქში ატარებენ.