უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო კომენდატურის შესაძლო შექმნის საკითხი განიხილა.
შეხვედრაზე ვოლოდმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მკაცრად ასრულებს საერთაშორისო კონვენციებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ალექსანდრ სირსკი, შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი.
დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა,რომ აღნიშნულ ზონაში რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები დაცული არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად. მისივე თქმით, მითითებულ ზონაში უკრაინელი სამხედროები გეგმავენ ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარებას, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას მოსახლეობის ევაკუაციისთვის, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მიმართულებით.
ამასთან, ჰუმანიტარული მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, აღნიშნულ ზონაში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვება იგეგმება.
შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს თქმით, სამხედროები ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდიან ინფორმაციას ადგილობრივების სასმელი წყლით, საკვებით, მედიკამენტებითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ, რათა სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად შესაძლებელი იყოს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზება.