სპორტული კლუბი "ლევანტე" მორიგ ID Talen პროექტს საქართველოში, ქალაქ თბილისში განახორციელებს და 2006-დან 2011 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელებისთვის სინჯებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაცია"ლევანტეს" სოციალური ქსელში გავრცელდა.
პროექტის მიზანი, ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემაა, რომ საკუთარი შესაძლებლობები და ნიჭი გამოავლინონ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, Levante არა მხოლოდ მომავალ ტალანტებს ეძებს, არამედ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში პირველი მაღალი რანგის სპორტული გამოცდილება მიიღონ.
"თუ ფეხბურთი გიყვარს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო! ქოჩორას მხარდაჭერით, ხავი და ლევანტე საქართველოში მოდიან ახალი ტალანტების მოსაძებნად! გელოდებით ორშაბათს და სამშაბათს, 2006-დან 2011 წელს დაბადებულებს, რათა გვაჩვენო შენი შესაძლებლობები და მიიღო ლევანტეს სტიპენდია!", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადების თანახმად, მსურველებს რეგისტრაციის გავლა 19 და 20 აგვისტოს შეუძლიათ.
აღნიშნულ განცხადებას "ლევანტეს" ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ეხმიანება.
მოგესალმებით, მეგობრებო,
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ამბავი საქართველოში ლევანტეს საწვრთნელი ბანაკის შესახებ.
19-20 აგვისტოს ლევანტე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლებს 2006-2011 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
საწვრთნელი ბანაკის შემდეგ შეირჩევა 10 ფეხბურთელი, რომლებსაც საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ლევანტეს პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში და ორი კვირა გაატარონ ლევანტეს აკადემიაში და მიიღონ ის ცხოვრებისეული და სპორტული გამოცდილება, რაც დაეხმარებათ, რომ გახდნენ უკეთესი ადამიანები და პროფესიონალები. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციას იხილავთ ლევანტეს პოსტში. Levante UD
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ექნებათ იმ ყველაფრის ნახვისა და საკუთარ თავზე გამოცდის შანსი, რაც მე დამეხმარა, რომ მივსულიყავი ჩემს მიზნებთან.
დიდი მადლობა ლევანტეს ამ ინიციატივისთვის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის.
შეხვედრამდე!" - წერს გიორგი ქოჩორაშვილი