უკრაინული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში შეტევის ფონზე, ბელგოროდის ოლქში [რეგიონულ დონეზე] საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 აგვისტოს დილიდან ამოქმედდა.
გუბერნატორის განცხადებით, ოლქში ვითარება "უკიდურესად დაძაბულია".
"ყოველდღიური დაბომბვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან, დანგრეული სახლები, დაჭრილი, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები", - ამბობს გლადკოვი ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
გლადკოვმა აღნიშნა, რომ ოლქის ადმინისტრაცია აპირებს, აპირებს მიმართოს სამთავრობო კომისიას საგანგებო მდგომარეობის ფედერალურ დონეზე გამოცხადების მოთხოვნით.
გუბერნატორის განცხადებით, გრძელდება ოლქიდან ბავშვების უსაფრთხო ადგილას ევაკუაცია.
რუსული მედიის ინფორმაციით, რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, როდესაც ოლქის ტერიტორიაზე დაღუპულია ან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 50-დან 500-მდე ადამიანმა, ხოლო ზარალმა შეადგინა 12 მილიონიდან 1,2 მილიარდ რუბლამდე. ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, თუ მსხვერპლის რაოდენობა 500 ადამიანზე მეტია ან ზარალის ოდენობა 500 მილიონ რუბლს აღემატება.
6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდნენ რუსეთის კურსკის ოლქში. ამ ოლქში 9 აგვისტოდან მოქმედებს ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა.
13 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინული მხარის ინფორმაციით, კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს.
კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ზოგიერთ რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა. გუბერნატორების განცხადებით, ხელისუფლება თითქმის 200 ათასი ადამიანის ევაკუაციას აპირებს.