საბერძნეთი განაგრძობს ბრძოლას ტყის მასშტაბური ხანძრის წინააღმდეგ, რომელმაც ათენის გარეუბნები მოიცვა. ხანძარმა დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქვეყანას და ათასობით ადამიანი აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. იუწყება BBC
ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში ხანძარმა შენობები და საწარმოები გაანადგურა. ქალანდრიონის რაიონში, დამწვარი ფაბრიკის ტერიტორიაზე იპოვეს სავარაუდოდ, მოლდოვის მოქალაქის, 63 წლის ქალის ცხედარი.
AFP წერს, რომ დაშავდა სულ მცირე 66 ადამიანი, ასევე ხუთი მეხანძრე.
10 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე ცეცხლმა, რომელსაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, გაანადგურა ათობით სახლი, მანქანა და საწარმო.
სპორტული დარბაზები, მათ შორის ათენის ოლიმპიური სტადიონი, გამოიყო დროებით საცხოვრებლად. ერთ-ერთი ყოფილი ოლიმპიური დარბაზი მომზადდა გადარჩენილი შინაური ცხოველებისთვის.
შრომის დეპარტამენტმა აკრძალა ღია სივრცეში სამუშაოები ხანძრისგან განადგურებულ ადგილებში, რადგან დამწვარი ქარხნების უმეტესობა შეიცავდა ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს.
საბერძნეთის ეროვნულმა ობსერვატორიამ, რომელიც თავად ტყის ხანძრის საფრთხის ქვეშ იმყოფება, განაცხადა, რომ სამშაბათს დედაქალაქის ირგვლივ 38 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა, ქარის სიჩქარე კი საათში 70 კილომეტრს აღწევდა.