ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს - ლევან იოსელიანი წერს, რომ სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში.
საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ზუგდიდში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მცირეწლოვნების ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები. არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.
სახალხო დამცველი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ყველა ქმედითი ნაბიჯი სიღარიბეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გასაუმჯობესებლად და ისეთი მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ბავშვთა ეფექტიან დაცვას და ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებას, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების განუხრელი დაცვის მიზნით.
სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ქ. ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში, - ნათქვამია განცხადებაში.
ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპების სიცოცხლე ემსხვერპლა. ექვსი წლის ბავშვები სახლში და-ძმასთან ერთად იმყოფებოდნენ. ცეცხლი სახლში იმ დროს გაჩნდა, როცა მოზარდებს ეძინათ. ორმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ორმა კი ვერ მოასწრო.
ადგილობრივების განცხადებით, ბავშვები დედასთან ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.