შეერთებულ შტატებს არავითარი მონაწილეობა მიუღია ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას გადადგომაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა პოსტი და ინდოეთში გაიქცა. განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან პიერმა.
თეთრი სახლი ბანგლადეშის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებებს "სრულიად მცდარს" უწოდებს.
"ჩვენ ამაში არ ვყოფილვართ ჩართულები. ნებისმიერი ცნობა ან ჭორი იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობა მონაწილეობდა ამ მოვლენებში, სრულიად ცრუა", - განაცხადა ჟან პიერმა.
მისივე განცხადებით, აშშ-ის პოზიციაა, რომ ბანგლადეშის ხალხმა თავად უნდა განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის მომავალი.
კვირას, ინდურმა გამოცემამ The Economic Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ბანგლადეშის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ აშშ დაადანაშაულა თანამდებობიდან გადადგომაში, რადგან მისი მტკიცებით, ვაშინგტონს სურს კონტროლი მოიპოვოს ბენგალის ყურეში მდებარე წმინდა მარტინის კუნძულებზე.
გამოცემა ირწმუნება, რომ მათ ეს შეტყობინება ჰასინას ახლო გარემოცვიდან მიიღეს. საპასუხდ, შეიხ ჰასინას ვაჟმა საჯიბ ვაზედმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედამისს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, შეიხ ჰასინას გადადგომის შემდეგ, ბანგლადეშის დროებით მთავრობას სათავეში ჩაუდგა მუჰამად იუნუსი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.
ჰასინას გადადგომას წინ უძღვოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები სამთავრობო კვოტების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურებში უნდა შექმნილიყო დასაქმების კვოტები, რომლითაც მხოლოდ გარკვეული ჯგუფები ისარგებლებდნენ.
საპროტესტო აქციები გადაიზარდა ეროვნულ არეულობაში და სახელმწიფო მანქანის მხრიდან მძლავრ ძალადობაში, რომელსაც ათეულობით პროტესტანტი ემსხვერპლა.