ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში, ლესტერის მოედანზე თავდასხმის დროს 11 წლის გოგონა და 34 წლის ქალი დანით დაჭრეს.
ლონდონის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს,
მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ამ ინციდენტთან კავშირში სხვა პირები არ არიან. პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ თავდასხმა ტერორისტული ხასიათისაა.
დაშავებულები ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს.
პოლიციის ცნობით, გოგონას მკურნალობა საავადმყოფოში ჩაუტარდება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველებმა - გამვლელებმა და ახლომდებარე მაღაზიების თანამშრომლებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს.
ლესტერის მოედანი მდებარეობს ლონდონის ხალხმრავალ სოჰოს ცენტრში, სადაც განთავსებულია კინოთეატრები, მაღაზიები, ბარები და სხვა გასართობი ადგილები და მრავალი ტურისტისთვის მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.
თავდასხმა მოხდა დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციების ფონზე, მას შემდეგ რაც თავდასხმა მოხდა საუთპორტის საცეკვაო სტუდიაზე, რომლის დროსაც დაიღუპა სამი გოგონა, რვა ბავშვი და ორი ზრდასრული კი დაიჭრა.