ირანი იქნება პასუხისმგებელი ისრაელზე შესაძლო თავდასხმაზე, რაც კიდევ უფრო გამოიწვევს რეგიონში დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობას.
ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირანსა და მის მოკავშირეებს თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
მათ განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ შუამავლებთან - აშშ-სთან, ეგვიპტესთან და კატართან, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებების განახლებაში არ შეიძლება იყოს შემდგომი შეფერხება.
„ჩვენ ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ დაძაბულობა და ვიპოვოთ გზა სტაბილურობისკენ.
საბრძოლო მოქმედებები ახლავე უნდა შეწყდეს და მძევლები, რომლებიც ჯერ კიდევ „ჰამასს“ ჰყავს, უნდა გათავისუფლდნენ. ღაზას მოსახლეობას სჭირდება სასწრაფო და შეუფერხებელი დახმარების მიწოდება და განაწილება.
ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ირანს და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს რეგიონული დაძაბულობა და საფრთხე შეუქმნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობას და მძევლების გათავისუფლებას.
ისინი პასუხს აგებენ იმ ქმედებებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის ამ შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერების ერთობლივი განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც სააგენტო Axios-მა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის დაზვერვის აზრით, ირანის თავდასხმა სავარაუდოდ, უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, ირანმა განაცხადა, რომ შურს იძიებს თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის.