შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში უვნებლად გადაიყვანეს. მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი არჩილ ბადრიაშვილი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი დარჩენილი სამი პირი ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და მათ სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.
მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი „ოქროს წერაყინის“ ჯილდოს მფლობელია.