გასულ ღამეს უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის ბელოვსკის რაიონში შევიდნენ. ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვოლობუევმა განაცხადა.
„ჩვენს ტერიტორიაზე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების შემოსვლამ დიდი დაბნეულობა და პანიკა შექმნა, ახლა ვითარება სტაბილურია, მაგრამ ძალიან დაძაბული“, - ამბობს ვოლობუევი ადგილობრივ მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში.
ვოლობუევმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლებისთვის ახლა „გაუგებარია სასაზღვრო რაიონებში ზოგიერთი ასპექტი “.
მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხოლო ბელოვსკის რაიონიდან წასულ მაცხოვრებლებს ურჩია - „დარჩნენ იმ ადგილებში, სადაც ჩავიდნენ“.
კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა უკრაინული ძალების შესვლა ბელოვსკის ოლქის ტერიტორიაზე.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა მოახერხეს „სიტუაციის სტაბილიზაცია“. მისივე თქმით, ბელოვსკის რაიონში „არ არის სამხედრო შეტაკებები“ და სამხედროები და მესაზღვრეები იცავენ რუსეთის ფედერაციის საზღვარს,
11 აგვისტომდე ბრძოლები მიმდინარეობდა კურსკის ოლქის ორი რაიონის - კორენევსკისა და სუჯას ტერიტორიაზე. ბელოვსკის რაიონი მდებარეობს სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით და ბელგოროდის რეგიონის მიმდებარედ.
გუშინ, რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ტელეგრამარხმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგროვებენ ბრძოლისუნარიან დანაყოფებს ბელგოროდის ოლქის საზღვრებთან.
„ამასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს თავდასხმა რუსეთის ამ რეგიონზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რეგიონში სამხედრო ოპერაციას 6 აგვისტოდან აწარმოებენ. 10 აგვისტოს რუსეთმა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღო ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები ამბობენ, რომ რეგიონი არ გამოცხადდა საომარ ზონად რუსეთის მოქალაქეებს შორის შესაძლო პანიკისა და უკმაყოფილობის თავიდან აცილების მიზნით.