ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ უკრაინის საზღვრთან გომელისა და მოზირის ტაქტიკური მიმართულებებზე ბელარუსის ჯარების გაძლიერების მითითება მისცა, წერს Belta ბელარუსის თავდაცვის მინისტრ ვიქტორ ხრენინზე დაყრდნობით.
”სპეციალური ოპერაციების ძალების, სახმელეთო ძალების და სარაკეტო ძალების სამხედრო შენაერთებმამიიღეს დავალებები დანიშნულ ტერიტორიებზე განსათავსებლად, ასევე გადასროლილი იქნება „პოლონეზის“ რეაქტიული სისტემები და „ისკანდერის“კომპლექსები, ” - თქვა მან.
შესაბამისი განცხადებები გაკეთდა უკრაინის მხრიდან უპილოტო თვითმფრინავებით ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევის ბრალდებების ფონზე.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ალექსანდრ ლუკაშენკამ უკრაინა ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.
მან თქვა, რომ ბელარუსის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თითქოს ჩამოაგდო უკრაინული დრონები და მისივე თქმით, ჯამში დაფიქსირდა დაახლოებით ათეული უპილოტო საფრენი აპარატი.
ლუკაშენკას თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, 9 აგვისტოს საღამოს მოხდა, რის გამოც ქვეყნის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვა მაღალ მზადყოფნაში იყო მოყვანილი.
ლუკაშენკამ განაცხადა, რომ „ნებისმიერი პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება“.