გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას აქვს რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვის უფლება. ამის შესახებ უწყებამ Politico-ს განუცხადა.
გამოცემის თანახმად, კურსკის რეგიონში აქტიური საომარი მოქმედებების დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ დასავლელი მოკავშირეები „ზეწოლას ახდენენ კიევზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით“.
„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო კანონმდებლობით, ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი ტერიტორიით“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბევრი პოლიტიკოსი გერმანიის ოპოზიციური პარტიის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან ასევე პირდაპირ უჭერდა მხარს უკრაინის ძალების შეტევას (რასაც კიევი არ ადასტურებს) და გერმანული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე.
რუსეთში გერმანული იარაღის გამოყენების მომხრეა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მარკუს ფაბერიც.
ამასთან, Politico აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, რომელიც ოფიციალურად შვებულებაში იმყოფება, ჯერ საჯაროდ არ გაუკეთებია კომენტარი კურსკში მიმიდნარე მოვლენებზე.
პენტაგონმა ასევე განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის წინსვლიოს გამო არ არის შეშფოთებული რუსეთის მხრიდან შესაძლო ესკალაციის გაზრდით.