სოდ-მა გახსნა 2001 წელს ქუთაისში ოქროს ბირჟაზე მომხდარი ყაჩაღობა, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა
სპეციალური ოპერატიულ დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის მიერ 2001 წელს ოქროულობის ბირჟაზე მოხდარ შეიარაღებულ ყაჩაღურ თავდასხმაზე, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბრადებულმა სულხან მაკარიძემ მოკლა დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფის წევრი ალექსი ლილუაშვილი და გაიტაცეს 150 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობას იღებდა, სხვადასხვა დანაშაულებებისთვის დაკავებული ექვსი პიროვნება: 1975 წელს დაბადებული სულხან მაკარიძე, 1966 წ.დ. კახაბერ რევიშვილი, 1974 წ.დ. ზვიად ბიწაძე, 1963 წ.დ სერგო ქურცაძე, 1963 წ.დ. დავით თელია და 1960 წ.დ. გიორგი კობახიძე. ბრალდებულებს დამატებით გამოძიების შედეგად წაეყენებათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე განზრახ მკველობა, 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთა, 179-ე ყაჩაღობა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება.
მერაბიშვილის უწყების განმარტებით, სულხან მაკარიძემ, სერგო ქურცაძემ, კახაბერ რევიშვილმა, ზვიად ბიწაძემ, დავით თელიამ, გიორგი კობახიძემ, განიზრახეს თავს დასხმოდნენ ქუთაიში, ფალიაშვილის ქ.#29ა-ში მდებარე საიუველირო მაღაზია "თეატრონს". მათ ასევე წინასწარ მოილაპარაკეს, რომ თავდასხმის განხორციელების მიზნით მოეპოვებინათ სატრანსპორტო საშუალება.
"დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2001 წლის 06 დეკემბერს, ჩავიდნენ ქ.ქუთაისში. ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ბაზრობასთან, ვითომდა ქ.სამტრედიაში წასვლის მოტივით დაიქირავეს მოქალაქე ხარიტონ რუსაძის კუთვნილი ,,ფორდი~-ს მარკის მიკროავტობუსი, რომელიც ემსახურებოდა მგზავრების გადაყვანას.
მას შემდეგ, რაც მძღოლმა ხარიტონ რუსაძემ ისინი მიიყვანა ქ.ქუთაისში, მშენებლის ქუჩაზე მდებარე ე.წ "ავანგარდი"-ს სასაფლაოზე, სულხან მაკარიძემ და მისმა თანამზრახველებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, ხარიტონ რუსაძე აიძულეს გადმოსულიყო ავტომანქანის საჭიდან, ე.წ "სკოჩი"-თ შეუკრეს ხელ-ფეხი, აუკრეს პირი და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. გაკოჭილი მძღოლი მოათავსეს მანქანის უკანა სავარძელთან და დაეუფლნენ მის კუთვნილ მიკროავტობუსს.
იმავე დღეს, დაახლოებით 15:45 საათზე, სხვადასხვა ცეცხლსასროლი და ავტომატური იარაღებით შეიარაღებული სულხან მაკარიძე, სერგო ქურცაძე, დავით თელია, გიორგი კობახიძე, ზვიად ბიწაძე და კახაბერ რევიშვილი, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი გატაცებული მიკროავტობუსით მივიდნენ ქ.ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის #29ა-ში მდებარე შ.პ.ს. ,,თეატრონი~-ს საიუველირო მაღაზიასთან. მაღაზიაში შევიდნენ სულხან მაკარიძე, სერგო ქურცაძე, დავით თელია, გიორგი კობახიძე, ზვიად ბიწაძე, ხოლო კახა რევიშვილი სამეთვალყურეოდ დარჩა ავტომანქანაში.
მაღაზიაში შესვლისთანავე მათ ფიზიკური ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განაიარაღეს იქ მყოფი შს სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის თანამშრომლები შოთა კავაძე და შმაგი ცირეკიძე, რის შემდეგაც შენობაში დაიკავეს წინასწარ შეთანხმებული ადგილები. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მათ იქ მყოფ მოქალაქეებს მოსთხოვეს ოქროს ნივთები და მათი შეშინების მიზნით, იარაღიდან აწარმოეს უმისამართო სროლა.
სულხან მაკარიძემ, სერგო ქურცაძემ, დავით თელიამ, გიორგი კობახიძემ, ზვიად ბიწაძემ, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მაღაზიაში მყოფ პირებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დახლებზე განთავსებულ დაახლოებით 150 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს", - განმარტებულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
როდესაც ზემოხსენებული პირები ცდილობდნენ მიმალვას და შენობის დატოვებას, შემთხვევის ადგილზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მივიდა განგაშზე გამოძახებული საკუთრების დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფის წევრი ალექსი ლილუაშვილი, რომელმაც თავდამსხმელებს არ მისცა საშუალება დაეტოვებინათ შემთხვევის ადგილი, ამ დროს სულხან მაკარიძემ ა.ლილუაშვილი წინააღმდეგობის დაძლევისა და ჩადენილი დანაშაულის გაადვილების მიზნით, განიზრახა მისი მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი მიუახლოვდა ალექსი ლილუაშვილს და თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით, ახლო მანძილიდან აწარმოა მუცლის არეში მისი მიმართულებით ერთი გასროლა, რის შემდეგაც მოახერხა ა.ლილუაშვილისაგან გათავისუფლება და თანამზრახველებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, გატაცებული მიკროავტობუსით.
მიყენებული დაზიანების შედეგად, ალექსი ლილუაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
თანამზრახველებმა გატაცებული ,,ფორდის~ მარკის მიკროავტობუსი, გაკოჭილ ხარიტონ რუსაძესთან ერთად მიატოვეს ქ.ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ,,ოღასყური~-ს სასაფლაოს ტერიტორიაზე.