შესაძლო თავდასხმების გამო ავსტრიაში მომღერალ ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა. იუწყება CNN
ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სავარაუდო თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.
ერთ-ერთი დაკავებული 19 წლის ავსტრიის მოქალაქეა. როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, მას ქიმიური ნივთიერებები აღმოაჩნდა.
პოლიციის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ, დაკავებულმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობას „ერთგულება შეჰფიცა“. პოლიციის ცნობით, ის დააკავეს ტერნიცში, ვენიდან სამხრეთ-დასავლეთით 75 კილომეტრში.
მეორე ეჭვმიტანილი ვენაში დააკავეს. პოლიცია მის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. მედიის ცნობით, ის 17 წლისაა.
პოლიციის წყაროებმა მედიას განუცხადეს, რომ კიდევ სამი ეჭვმიტანილი იძებნება.
ტეილორ სვიფტის კონცერტები ვენაში 8, 9 და 10 აგვისტოს უნდა გამართულიყო, სადაც ყოველდღიურად დაახლოებით 65 000 დამსწრეს ელოდებოდნენ.