ნიგერის მთავრობამ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
ამის მიზეზი ნიგერის ხელისუფლების განცხადებით, კიევის მიერ "ტერორისტულ ჯგუფების მიმართ მხარდაჭერაა".
ნიგერმა, რომლესაც ხუნტა მართავს, ეს გადაწყვეტილება მიიღო ივლისის ბოლოს მალიში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რომელსაც ასევე მართავს სამხედრო რეჟიმი დარომელიც ალიანსში შევიდა რუსეთთან. ამ მოვლენების შედეგად ქვეყნის ჩრდილოეთით, ტუარეგმა ამბოხებულებმა მძიმე მარცხი მიაყენეს მალის სამთავრობო ჯარებსა და რუს დაქირავებულებს.
ორი დღის წინ უკრაინასთან ურთიერთობა მალიმაც გაწყვიტა; ეს ქვეყნები, ისევე როგორც ბურკინა ფასო, წელს მოკავშირეები გახდნენ.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ „ამბოხებულებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია და არა მხოლოდ ინფორმაცია, რამაც შესაძლებელი გახადა წარმატებული სამხედრო ოპერაციის ჩატარება რუსი ომის დამნაშავეების წინააღმდეგ“.
შეგახსენებთ, აგვისტოს დასაწყისში ჩრდილოეთ მალის მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ 25 ივლისიდან 27 ივლისამდე მოკლეს რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" 84 დაქირავებული და ასევე მალის სამთავრობო არმიის 47 ჯარისკაცი.
"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები მალიში 2021 წლიდან იმყოფებიან. 2020 წელს მალიში ძალაუფლება სამხედრო ხუნტამ ჩაიგდო, პოლკოვნიკ ასიმ გოიტას ხელმძღვანელობით. ხუნტამ გაწყვიტა ტრადიციული კავშირები საფრანგეთთან და დაახლოება დაიწყო რუსეთთან, რის შემდეგაც, ხუნტის ძალაუფლების განსამტკიცებლად, მოიწვიეს ქვეყანაში "ვაგნერის" დაქირავებულები.
ხუნტამ, "ვაგნერთან" ერთად მიზნად დაისახა, მალიში მოწინააღმდეგეთა ბანაკების სრული განადგურება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება.