გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) შეწყვიტა თანამშრომლობა გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) ცხრა წარმომადგენელთან.
გაერო-ს გამოძიებამ დაადასტურა, რომ ისინი შესაძლოა იყვნენ ჩართული ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ „ჰამასის“ თავდასხმაში. ამის შესახებ სააგენტო dpa იუწყება.
„ცხრა პირთან დაკავშირებით, არსებობდა საკმარისი მტკიცებულება დასკვნების გამოსატანად, რომ ისინი შესაძლოა მონაწილეობდნენ 7 ოქტომბრის თავდასხმებში“, - თქვა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა, თუმცა კონკრეტულად რა სახით მონაწილეობდნენ, არ ზუსტდება.
Reuters წერს, რომ UNRWA-ს ორი თანამშრომელი, რომელსაც ისრაელი ადანაშაულებს 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობაში, გარდაიცვალა. სააგენტოს კიდევ ცხრა თანამშრომელთან დაკავშირებით მტკიცებულებები არასაკმარისი იყო დასკვნების გამოსატანად, ერთ შემთხვევაში კი მტკიცებულება საერთოდ არ ყოფილა.
იანვარში ისრაელის დაზვერვამ განაცხადა, რომ UNRWA-ს სულ მცირე 19 თანამშრომელი მონაწილეობდა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში. მოგვიანებით ისრაელმა განაცხადა, რომ UNRWA-ს 450-ზე მეტი თანამშრომელი ღაზაში ტერორისტული ჯგუფების სამხედრო ოპერატიული თანამშრომელი იყო, წერს Reuters.
UNRWA დაარსდა 1949 წელს, ახლა იქ დასაქმებულია 30000-ზე მეტი თანამშრომელი. ორგანიზაციის ამოცანებს შორისაა სკოლების, სოციალური დაწესებულებების, სამედიცინო ცენტრების მართვა, ასევე ჰუმანიტარული დახმარების განაწილება ღაზის სექტორში მყოფ 5,9 მილიონ პალესტინელ ლტოლვილს შორის.