6 აგვისტოს, იაპონიის ქალაქს ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 79-ე წლისთავი აღნიშნეს.
ჰიროსიმაში კიდევ ერთხელ გამოვიდნენ ბირთვული იარაღის აკრძალვის მოწოდებით, რათა შემცირდეს ბირთვული ომის რისკი, გლობალური დაძაბულობის ფონზე.
იაპონიის ჰიროსიმის პრეფექტურის გუბერნატორმა ემოციური და ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა მსოფლიო ლიდერებს და მოუწოდა, უარი თქვან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და გაანადგურონ ისინი.
"სანამ ბირთვული იარაღი იარსებობს, ყოველთვის იქნება იმის შანსი, რომ მათ ერთხელაც გამოიყენებენ", - თქვა ჰიდეჰიკო იუზაკიმ ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში სიტყვით გამოსვლისას.
ჰიროსიმაში ცერემონიას დაახლოებით 50 000 ადამიანი დაესწრო, მათ შორის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მსხვერპლთა ხსოვნას, სწორედ იმ მომენტიდან, დილის 8:15 წუთიდან, როდესაც პირველი ბომბი ჩამოვარდა ქალაქში 1945 წლის 6 აგვისტოს.
1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 08:15 საათზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომბური ბომბი, რომელმაც მიწასთან გაასწორა 350-ათასიანი ქალაქი. ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებას 140 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
სამი დღის შემდეგ, ატომური ბომბი ჩამოაგდეს ქალაქ ნაგასაკში, რომელსაც 75 ათასი ადამიანი შეეწირა.
ატომური დაბომბვიდან მალევე იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვები კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღის სამხედრო გამოყენების ერთადერთ შემთხვევად რჩება. შეტევა განხორციელდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე.