ENG / RUS       12+

შეიხ ჰასინა - დემოკრატი თუ ავტოკრატი ლიდერი

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა შეიხა ჰასინა ვაზედმა თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც სტუდენტების მიერ წამოწყებული რამდენიმეკვირიანი პროტესტი ფართომასშტაბიან, ეროვნულ არეულობაში გადაიზარდა.

გავრცელებული ცნობით, პრემიერ-მინისტრი ჰასინა თავის დასთან ერთად, სამხედრო ვერტმფრენით გაფრინდა ინდოეთში, ცოტა ხნით ადრე, სანამ მის ოფიციალურ რეზიდენციაში, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, ასობით პროტესტის მონაწილე შეიჭრებოდა.

შეიხ ჰასინას ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველაზე ხანგრძლივი ვადით ეკავა ქვეყნის ისტორიაში. ბოლოს იგი 2009 წელს ჩაუდგა მთავრობას სათავეში და ჯამში ქვეყანას 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განაგებდა.

პოლიტიკური კარიერის დასაწყიში, შეიხ ჰასინას პროდემოკრატიულ ლიდერად მიიჩნევდნენ, თუმცა ბოლო წლებში, მას ბრალს დებდნენ ავტოკრატ მმართველად ჩამოყალიბებაში და მისი მმართველობისადმი ნებისმიერი ოპოზიციური აზრი ჩახშობაში.

ჰასინას მმართველობის დროს ბანგლადეშში გაიზარდა პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები, გაუჩინარებები, მკვლელობები და სხვა სახის კრიმინალი.
2024 წლის იანვარში მან კიდევ ერთი ვადით გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ფართოდ იქნა გაკრიტიკებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია და მას ბოიკოტი გამოუცხადა.

როგორ მოვიდა შეიხ ჰასინა ხელისუფლებაში?

1947 წელს აღმოსავლეთ ბენგალის მუსლიმურ ოჯახში დაბადებულ ჰასინას, როგორც ამბობენ, პოლიტიკა სისხლში ჰქონდა.

მისი მამა იყო ნაციონალისტი ლიდერი შეიხ მუჯიბურ რაჰმანი, რომელსაც ბანგლადეშში „ერის მამას“ უწოდებენ. სწორედ ის ედგა სათავეში 1971 წელს პაკისტანისგან ბანგლადეშის გათავისუფლების მოძრაობას და გახდა მისი პირველი პრეზიდენტი.

ამ პერიოდში, შეიხ ჰასინას უკვე ჰქონდა რეპუტაცია სტუდენტური მოძრაობის ლიდერისა დაკას უნივერსიტეტში.

1975 წელს სამხედრო გადატრიალების დროს, მოკლეს მუჯიბურ რაჰმანი და მისი ოჯახის ყველა წევრი. გადარჩნენ მხოლოდ შეიხ ჰასინა და მისი და, რომლებიც გადატრიალების დროს არ იმყოფებოდნენ ბანგლადეშში.

გადატრიალებიდან ვიდრე 1981 წლამდე, შეიხ ჰასინა ინდოეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა. შემდეგ იგი დაბრუნდა ბანგლადეშში და სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ პარტიას „ავამის ლიგას“, რომელიც მისმა მამამ დააფუძნა.

შეიხ ჰასინა შეუერთდა სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პროდემოკრატიული საპროტესტო აქციებს მართავდნენ გენერალ ჰუსეინ მუჰამედ ერშადის სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ.

შეიხ ჰასინა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში

1996 წელს იგი პირველად გახდა ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი. მან სწრაფად მოიხვეჭა სახელი ინდოეთთან წყლის (მდინარე განგის) გაზიარების შეთანხმების ხელმოწერით და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტომის მეამბოხეებთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით.

ამავდროულად, შეიხ ჰასინას მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდნენ კორუფციული ბიზნესგარიგებებისა და ინდოეთისადმი ზედმეტი დათმობების გამო.

2001 წელს მან წააგო არჩევნები თავის ყოფილ მოკავშირესთან, ბანგლადეშის ნაციონალისტური პარტიის ლიდერთან ბეგუმ ხალედა ზიასთან.

როგორც პოლიტიკური დინასტიების მემკვიდრეები, ორივე ქალი დომინირებდა ბანგლადეშის პოლიტიკაში სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.

ხალედა ზია - ბანგლადეშის პრემიერი  1991-1996 და 2001-2006 წწ.

ბანგლადეშის პოლიტიკის მიმომხილველები ამბობენ, რომ ამ ორი პოლიტიკოსი ქალის მეტოქეობას მუდამ თან სდევდა მკვლელობები, დაპატიმრებები, ავტობუსებში ბომბების აფეთქებები და ა.შ.

საბოლოოდ, 2009 წელს, დროებითი მთავრობის პირობებში ჩატარებული არჩევნების შედეგად, შეიხ ჰასინა კვლავ ჩაუდგა სათავეში ბანგლადეშის მთავრობას.

შეიხ ჰასინამ ოპოზიციაში ყოფნისას გამოიარა არაერთი დაპატიმრება და მკვლელობის მცდელობა, მათ შორის 2004 წელს, რომელმაც დააზიანა მისი სმენა. იგი ასევე გადაურჩა მცდელობებს, დაეტოვებინა ბანგლადეში და მრავალ საგამოძიებო საქმეს, სადაც ბრალი ედებოდა კორუფციაში.

რა მიღწევები აქვს შეიხ ჰასინას?

შეიხ ჰასინას მმართველობის პირობებში, ბანგლადეში კონტრასტულ სურათს წარმოადგენს. ერთი მხრივ ეკონომიკური წარმატება, ხოლო მეორე მხრივ ადამიანის უფლებების შელახვა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ელიტური კორუფცია. ერთ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბმა ქვეყანამ, ჰასინას მეთაურობით, მიაღწია თვალსაჩინო ეკონომიკურ წარმატებას.

ახლა ბანგლადეში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა რეგიონში, რომელმაც გაუსწრო თავის გიგანტურ მეზობელ ინდოეთსაც კი. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამჯერ გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მსოფლიო ბანკის შეფასებით, 25 მილიონზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა სიღარიბიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ეკონომიკური ზრდა დიდწილად განაპირობა ტანსაცმლის ინდუსტრიამ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სწრაფად განვითარდა. ბანგლადეშში იკერება მსოფლიოს არაერთი სახელგანთქმული ტანსაცმლის ბრენდის სამოსი და ამარაგებს ბაზრებს ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში.

ქვეყნის საკუთარი სახსრების, სესხებისა და გრანტების დახმარების გამოყენებით, ჰასინას მთავრობამ განახორციელა უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ფლაგმანი პროექტი პადმას ხიდი მდინარე განგზე, რომლის ღირებულება $2.9 მილიარდი დოლარია.

არაერთგვაროვანი შეფასებები

ბოლო პროტესტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაჩაღდა ბანგლადეშში იყო ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რომელიც მას თანამდებობის დაკავების შემდეგ შეხვდა.

არჩევნების შედეგები, რომელშიც მისი პარტია ზედიზედ მეოთხე ვადით აირჩიეს ამ წლის იანვარში, იყო უაღრესად საკამათო და ბუნდოვანი.

გადადგომის შესახებ მზარდი მოწოდებების მიუხედავად, ის კვლავ არ თმობდა პოზიციებს. მან უმკაცრესად დაგმო საპროტესტო აქციის მონაწილეები, მათ „ტერორისტები“ უწოდა და „ამ ტერორისტების მტკიცე ხელით დასჯის“ მოწოდებით გამოვიდა.

ბოლო არეულობა დაკაში და სხვა ქალაქებში დაიწყო საჯარო სამსახურებში კვოტების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ტრანსფორმირდა უფრო ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობად.

კოვიდპანდემიის ფონზე, ბანგლადეშში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა. გაიზარდა ინფლაცია, მკვეთრად შემცირდა სავალუტო რეზერვები და საგარეო ვალი გაორმაგდა.

კრიტიკოსები ყველა ამ პრობლემას შეიხ ჰასინას მთავრობის არასწორ მენეჯმენტს აბრალებდნენ. მათი განცხადებით, აყვავებული კორუფციის გამო, ბანგლადეშის ეკონომიკური წარმატებით მხოლოდ ჰასინას და მის პარტიასთან დაახლოებულმა ადამიანებმა იხეირეს.

კრიტიკოსების მტკიცებით, ბანგლადეშს ეკონომიკური პროგრესი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფასად დაუჯდა და რომ ჰასინას მმართველობა გამოირჩეოდა რეპრესიული ავტორიტარული ზომებით მისი პოლიტიკური ოპონენტების, მოწინააღმდეგეებისა და მედიის მიმართ. შეიხ ჰასინა კატეგორიულად უარყოფდა ყველა ასეთ ბრალდებას.

თუმცა, დამოუკიდებელმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა 2009 წლიდან აღწერეს უშიშროების ძალების მიერ ადამიანთა გატაცებისა და (სასამართლოს განაჩენის გარეშე) მკვლელობის ასობით შემთხვევა.

გასულ წელს, Human Rights Watch-მა შეიხ ჰასინა დაადანაშაულა ოპოზიციის მხარდამჭერების "ძალადობრივ ავტოკრატიულ დარბევაში".

ბოლო თვეების განმავლობაში, ბანგლადეშის ნაციონალური პარტიის (BNP) არაერთი მაღალი რანგის ლიდერი დააკავეს, ანტისამთავრობო აქციების მონაწილე ათასობით ადამიანთან ერთად. ექსპერტების თქმით, ეს არის თვალსაჩინო შემობრუნება ლიდერისა, რომელიც ოდესღაც მრავალპარტიული დემოკრატიისთვის იბრძოდა.

რა იქნება ახლა?

როგორც იუწყებიან, შეიხ ჰასინას ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, არმიის მეთაური გენერალი ზამან პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს აწარმოებს, რათა მოხერხდეს დროებითი მთვარობის ჩამოყალიბება. გენერალმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ დასრულდა შეიხ ჰასინას მმართველობა და პირობა დადო, რომ აღსრულდება სამართალი ყველა დანაშაულისა და მკვლელობისთვის.

ამჟამად, შეიხ ჰასინა ინდოეთში იმყოფება, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი საბოლოოდ ბინას ლონდონში დაიდებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, პრემიერ-მინისტრის გაქცევის შემდეგ, ჩამოაგდეს ჰასინას მამის, ბანგლადეშის პირველი პრეზიდენტისა და "ერის მამის" ქანდაკებები და ცეცხლს მისცეს მისი სახელობის მუზეუმი.

სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ნაჰიდ ისლამის განცხადებით, რომელიც ორჯერ დააკავეს და სასტიკად აწამეს საპატიმროში, საკმარისი არ არის პრემიერ-მინისტრის გაქცევა. "ჩვენ მას [შეიხ ჰასინას] აუცილებლად მოვიყვანთ მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად".

წყარო: BBC