ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად ხუთი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დასავლეთ ერაყში მდებარე ალ-ასადის საჰაერო ბაზის მიმართულებით ორი რაკეტა „კატიუშა“ გაუშვეს.
როგორც წყარომ აღნიშნა, ერთ-ერთმა სამხედრომ სერიოზული დაზიანებები მიიღო.
რაკეტები ბაზის ტერიტორიაზე ჩავარდა. გაურკვეველია, უკავშირდებოდა თუ არა თავდასხმა ირანის მუქარას.
გასულ კვირაში აშშ-მა ერაყზე დარტყმა განახორციელა. ამერიკული მხარის ცნობით, იერიშის სამიზნე იყვნენ მებრძოლები, რომლებიც დრონების გაშვებას გეგმავდნენ და ამერიკული და კოალიციური ძალებისთვის საფრთხეს ქმნიდნენ.
პარალელურად შეერთებულ შტატებში ელოდებიან, რომ ირანი და „ჰეზბოლა“ ისრაელზე საპასუხო თავდასხმას უახლოეს საათებში განახორციელებენ.
ამასთან, ირანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის მხარდაჭერის გამო შეერთებული შტატები იყო პასუხისმგებელი თეირანში ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე.