უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა რუსეთის “ეფ-ეს-ბეს” სადაზვერვო ქსელის საქმიანობა, რომელიც აწვდიდა რუსეთის არმიას ინფორმაციას უკრაინაზე თავდასხმების მოსამზადებლად რაკეტების, ბომბების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადეს.
დაკავებულია ცხრა ადამიანი დნიპროში, ზაპოროჟიესა და სუმში, ასევე დონეცკში, ოდესასა და კიროვოგრადის ოლქებში. ისინი ეჭვმიტანილები არიან სახელმწიფო ღალატში, ჩადენილი საომარი მდგომარეობის პირობებში. დაკავებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ ქონების ჩამორთმევასთან ერთად.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები რუსეთის “ეფ-ეს-ბეს” ყურადღების ცენტრში მოექცნენ, როგორც ჩათების აქტიური კომენტატორები პროკრემლისტურ ტელეგრამარხებზე.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება, მიმდინარე წლის მარტში “ეფ-ეს-ბეს”წარმომადგენელმა შექმნა სპეციალური ჩატ-ბოტი Telegram-ზე, რათა განეხორციელებინა დივერსიული მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. რამდენიმე თვის განმავლობაში ცხრა ადამიანი ნებაყოფლობით შეუერთდა მას და დათანხმდა სამხედრო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებას რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლისთვის.