ბანგლადეშში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე, პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინი გადადგა თანამდებობიდან და სამხედრო თვითმფრინავით გაიქცა ქვეყნიდან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რომელსაც საერთაშორისო მედიაც ადასტურებს, შეიხ ჰასინა დასთან ერთად ინდოეთში გაიქცა.
ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათასობით დემონსტრანტი გეგმავდა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეჭრას, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში.
რამდენიმე კვირაა, ბანგლადეშში ფართომასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ დაიწყო.
ივლისის დასაწყისში ნელ-ნელა ქვეყანაში ვითარება დაიძაბა, დემონსტრაციები გადაიზარდა შეტაკებებში, რომლის დროსაც 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა, თუმცა შემდგომ სტუდენტებმა პროტესტი მაინც განაახლეს. ისინი მოითხოვდნენ სამართლიანობას დაღუპულთა ოჯახებისთვის.
4 აგვისტოს ქვეყანაში ვითარება ისევ დაიძაბა - აქციის მონაწილეები ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ. დღის განმავლობაში შეტაკებები მოხდა დაკასა და ქვეყნის სხვა რაიონებში.
არსებული მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 93 ადამიანი დაიღუპა. ბევრი დაიღუპა ტყვიით მიღებული ჭრილობების შედეგად. დაღუპულთა შორის სულ მცირე 14 პოლიციელია.
დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია ხანძრის გაჩენის, ვანდალიზმის, გზების გადაკეტვის, პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმებსა და შენობების ალყაში მოქცევის შესახებ.
გამოცემა The Daily Star-ის ცნობით, ქვეყანაში არეულობის დაწყების დღიდან სულ მცირე 10 ათასი ადამიანია დაკავებული.
შეიხ ჰასინა მრავალი წელია ბანგლადეშის მთავრობას ედგა სათავეში. თავდაპირველად, იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა 1996-2001 წლებში, შემდეგ კი 2009 წლიდან მართავდა ბანგლადეშის მთავრობას.