მალიმ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების "დაუყოვნებლივ" გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
შესაბამის დოკუმენტს, ხელს აწერს პოლკოვნიკი აბდულაე მაიგა, რომელიც წარმოადგენს მალის მმართველ ხუნტას. აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნდა ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე.
მაიგას განცხადებით, მალი უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) წარმომადგენელს ანდრეი იუსოვს ადანაშაულებს იმაში, რომ მან აღიარა კიევის როლი იმ დიდ დამარცხებაში, რომელიც სამთავრობო ჯარებმა და "ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა განიცადეს ივლისში მეამბოხეებთან ბრძოლაში.
გარდა ამისა, მალის დემარში გამოწვეული იყო სენეგალში უკრაინის ელჩის იური პივოვაროვის პოზიციით, რომელიც მხარს უჭერდა მმართველი ხუნტის მოწინააღმდეგეებს.
ოფიციალურმა კიევმა და ბამაკომ დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ კიდევ 1992 წელს დაამყარეს. მაგრამ როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე აღნიშნა, კონტაქტები ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უწყებებს შორის ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.
შეგახსენებთ, აგვისტოს დასაწყისში ჩრდილოეთ მალის მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ 25 ივლისიდან 27 ივლისამდე მოკლეს რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" 84 დაქირავებული და ასევე მალის სამთავრობო არმიის 47 ჯარისკაცი.
"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები მალიში 2021 წლიდან იმყოფებიან. 2020 წელს მალიში ძალაუფლება სამხედრო ხუნტამ ჩაიგდო, პოლკოვნიკ ასიმ გოიტას ხელმძღვანელობით. ხუნტამ გაწყვიტა ტრადიციული კავშირები საფრანგეთთან და დაახლოება დაიწყო რუსეთთან, რის შემდეგაც, ხუნტის ძალაუფლების განსამტკიცებლად, მოიწვიეს ქვეყანაში "ვაგნერის" დაქირავებულები.
ხუნტამ, "ვაგნერთან" ერთად მიზნად დაისახა, მალიში მოწინააღმდეგეთა ბანაკების სრული განადგურება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება.