ინგლისის ქალაქ როტერჰემში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან მიგრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სასტუმროს ალყა შემოარტყეს, რადგან ვარაუდობენ, რომ სასტუმროში თავშესაფრის მაძიებლები იმყოფებიან. აქციის მონაწილეება მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გააჩინეს.
ნიღბიანმა ადამიანებმა შენობაში შეაგდეს დამწვარი ნაგვის ურნა, ხოლო პოლიციელებს სხვადასხვა საგნები, მათ შორის ტოტები, ქვები და სკამები ესროლეს.
Sky News-ის ცნობით, ერთი პოლიციელი დაშავდა.
შეგახსნებთ, დიდ ბრიტანეთში პოლიციამ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები შეტაკებებში გადაიზარდა.
ქალაქ საუთპორტში ბავშვთა ცეკვის სტუდიაზე დანით შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც სამი ბავშვი ემსხვერპლა, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
ორშაბათს, 17 წლის თავდამსხმელი, ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიების დროს ცეკვის სტუდიაში შეიჭრა და სამი პატარა გოგონა მოკლა. დაშავდა კიდევ რვა ბავშვი. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული.