დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დემონსტრანტები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, უმკაცრესად დაისჯებიან. იუწყება SkyNews
სტარმერმა მიმართვა გააკეთა დაუნინგ სთრითიდან და აღნიშნა, რომ არეულობებში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
„ეს არის ძალადობა და არა პროტესტი... მე გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენ ინანებთ ამ არეულობებში მონაწილეობის გამო, როგორც პირდაპირი მონაწილეობის, ასევე ონლაინარეულობის წაქეზებისთთვის“, - თქვა მან.
პრემიერ-მინისტრმა ცალკე გააკრიტიკა როტერჰემში განვითარებული მოვლენები, სადაც არეულობების მო ნაწილეები თავს დაესხნენ სასტუმროს, სადაც მიგრანტები იყვნენ მოთავსებული.
„ამგვარ ქმედებებს არანაირი გამართლება არ აქვს“, - თქვა მან.
ამასთან, კირ სტარმერმა თქვა, რომ ის არ დააყოვნებს და მოვლენებს უწოდებს იმას, რაც არის - "ულტრამემარჯვენე ბანდიტიზმს".
”მე მესმის, რამდენად საშინელი შეიძლება იყოს ეს ადამიანებისთვის, რომლებიც თავს დაუცველად გრძნობენ თავიანთი კანის ფერის ან რწმენის გამო... გთხოვთ, იცოდეთ, რომ ეს მოძალადე ბრბო არ არის ქვეყნის სახე და ჩვენ მათ პასუხისმგებლობაში მივცემთ”, - თქვა მან.
შეგახსნებთ, დიდ ბრიტანეთში პოლიციამ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები შეტაკებებში გადაიზარდა.
ქალაქ საუთპორტში ბავშვთა ცეკვის სტუდიაზე დანით შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც სამი ბავშვი ემსხვერპლა, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
ორშაბათს, 17 წლის თავდამსხმელი, ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიების დროს ცეკვის სტუდიაში შეიჭრა და სამი პატარა გოგონა მოკლა. დაშავდა კიდევ რვა ბავშვი. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული.