შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გააუქმა წინასწარი შეთანხმება, რომელიც მიღწეული იყო 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორ ხალიდ შეიხ მუჰამედსა და ამ საქმეში ბრალდებულ სხვა პირებთან.
ოსტინის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იგი უფლებამოსილებას გაუუქმებს სამხედრო სასამართლოს ზედამხვედველ ოფიცერს, რომელმაც ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას.
წინასწარი შეთანხმება, რომლის დეტალები არ გასაჯაროვებულა, სავარაუდოდ, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, სიკვდილით დასჯას აარიდებდა შემაძრწუნებელ ტერაქტში ბრალდებულებს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეთანხმება 3 ბრალდებულთან გაფორმდებოდა, მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ საუბარი იყო 5 ბრალდებულზე.
მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 11 სექტემბრის ტერაქტებისას ზოგიერთი დაღუპულის ოჯახმა მკაცრად გააკრიტიკა შეთანხმება.
თეთრი სახლის განცხადებით, მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია წინასწარი შეთანხმების მომზადების პროცესში.
1-ელ აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2001 წლის 11 სექტემებრის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი, ხალიდ შეიხ მუჰამედი და კიდევ ორი სხვა ბრალდებული დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას და დანაშაულის აღიარებას.
შეთანხმდების დეტალები არ გასაჯაროვებულა, თუმცა მედიის ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ, ხოლო პროკურატურა სიკვდილით დასჯის ნაცვლად, უვადო პატიმრობას მოითხოვს.
გამოძიების თანახმად, სწორედ ხალიდ შეიხ მუჰამედმა დაგეგმა ტერორისტული თავდასხმები და ასევე, იგი კოორდინაციას უწევდა კომუნიკაცებსა და დაფინანსებას. ის 2003 წელს პაკისტანში დააკავეს. აშშ-ის სენატის ანგარიშის თანახმად, მუჰამედი CIA-ის თანამშრომლებმა აწამეს დაკითხვების დროს.
2006 წელს მუჰამედი გადაიყვანეს გუანტანამოს ციხეში, სადაც ის და სხვა ბრალდებულები ამ დრომდე რჩებიან. სააგენტო dpa-ს ცნობით, ხალიდ შეიხ მუჰამედი სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა გამოსულიყო, მაგრამ პროცესი მრავალი წლით გადაიდო.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა ყველაზე მასშტაბური იყო აშშ-ს ისტორიაში, დაიღუპა დაახლოებით 3000 ადამიანი. ისლამისტი ტერორისტების მიერ გატაცებული 4 თვითმფრინავიდან 2 ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეეჯახა, ერთი პენტაგონის შენობას, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიაში ჩამოვარდა.