აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალებს გადააჯგუფებს, რათა დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვას.
ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.
სინგმა განაცხადა, რომ პენტაგონს „შეუძლია მოკლე დროში განათავსოს ჯარები ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირებისთვის“.
სინგის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობის კორექტირება მოახდინოს, რათა დაიცვას ამერიკული ჯარები და დაეხმაროს ისრაელს ირანის, ასევე მისი მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან საფრთხეების გათვალისწინებით.
„ლოიდ ოსტინი ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრ გალანტს ირანის, მისი პარტნიორებისა და მარიონეტების მხრიდან დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ. მდივანმა ოსტინმა გაიმეორა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და აცნობა მინისტრს დამატებითი ზომების შესახებ, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მიმდინარე და სამომავლო ცვლილებებს, რომლებსაც დეპარტამენტი მიიღებს ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა სინგმა.
გარდა ამისა, როგორც სინგმა აღნიშნა, ოსტინმა ისრაელელ კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია გარდაუვალი არ არის, რეგიონის სახელმწიფოები კი დეესკალაციისგან სარგებელს მიიღებენ.